YOUNG FEMALE LEADERS NETWORK გლოუ საქართველოს ახალი პროექტია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ALUMNI გრანტის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ გოგონებს საშუალება აქვთ გახდნენ ცვლილებების ელჩები საკუთარ თემში.
ამ ბლოგის საშუალებით კი შესაძლებლობა გექნება გაეცნო ცვლილებების ელჩების ისტორიებს!
მარი მალვენოვი და მარიამ სამარჯიშვილი ვალედან 15 გოგოს აერთიანებენ და მათთან ერთად სხვადასხვა შემეცნებით პროექტებს ახორციელებენ.
გოგონების მხარდასაჭერად ოქტომბერში გამართეს შეხვედრა ,,Skills for tomorrow”, რომლის მთავარი მიზანიც გოგონებში ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაა როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრის უნარი, ადაპტირება, ეფექტური კომუნიკაცია, ლიდერული უნარები და ემოციების მართვა.
ამის გარდა, მარი მალვენოვი მამოტივირებელ და შთამაგონებელ შეხვედრებსაც მართავს თავის კლუბში, რისი საშუალებითაც პოპულარიზაციას უწევს ქალებს, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო.
მარიამ სამარჯიშვილმა კლუბის წევრების სურვილით დისკრიმინაციაზე ისაუბრა, სადაც გოგონებთან ერთად შეხვედრის განმავლობაში განიხილა ისეთი საკითხები როგორიცაა: ტერმინის მნიშვნელობა, დისკრიმინაციის სახეები, ინფორმაცია დამცველობითი კანონის შესახებ და სხვა.
"პროექტების განხორციელების სურვილს და მოტივაციას თავად კლუბის წევრები და ბანაკში გატარებული დღეები მაძლევს. ჩემი მთავარი სურვილია, ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მიღების საშუალება მივცე, ასევე, მინდა, ახალგაზრდებს ჰქონდეთ ახალი მეგობრების შეძენის შესაძლებლობა" - მარიამ სამარჯიშვილი
გლოუს ელჩები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არიან და აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან. მაგალითად გაიცანით ანა, რომლის პროექტის ფარგლებშიც მან ვალეს გლოუ კლუბთან ითანამშრომლა.
ანა ღუღუნიშვილი ჭიათურიდან, 20 გოგონას აერთიანებს და მათთან ერთად სიახლეების ინიციატორი ხდება.
,,SLUSH“ ის დამფუძნებელ სოფიო კილაძესთან ონლაინ შეხვედრა და მისი გამოცდილების გაზიარება ანას პირველი აქტივობა იყო. სპიკერმა იმ დაბრკოლებებზე ისაუბრა, რომლებიც ბიზნესის შექმნის პროცესში ხვდებოდა, როგორც ქალს.
სულაკაურის გამომცემლობასთან თანამშრომლობა ანასთვის შემდეგი პროექტი იყო. ჭიათურის გლოუ კლუბის წევრებისთვის ესეების კონკურსი მიმდინარეობს და გამარჯვებულს წიგნები გადაეცემა საჩუქრად.
"ჩემთვის მოტივაციის წყარო იყო უკეთეს მომავალზე ფიქრი, თუ ჩემი გლოუ კლუბით ერთ გოგონას მაინც დავეხმარებოდი საკუთარი თავის პოვნაში და კომპლექსების დაძლევაში, ეს უდიდესი მიღწევა იქნებოდა ჩემთვის. პროექტებს სიხარულით ვაკეთებ, რადგან ვიცი, რომ ამით გოგონებს სხვანაირად დავანახებ სამყაროს" - ანა ღუღუნიშვილი
ეველინ კრაპივა გლოუს აქტიური წევრია, რომელიც საქართველოში 8 უკრაინელ ახალგაზრდას აერთიანებს და მათთან ტოლერანტობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ შეხვედრებს მართავს.
“ჩემი მთავარია მოტივაციაა რომ პროექტებით, რომლებსაც ვაკეთებ დავაახლოვო ქართველი და უკრაინელი მოზარდები და რაც მთავარია დავეხმარო ჩემს გარშემო მყოფ უკრაინელ მოსწავლეებს სოციალიზაციაში”- ეველინ კრაპივა
ასევე უნდა გაგაცნოთ ნინო ჯაბიძეც, რომელიც ბაღდათელ გოგონებს სხვადასხვა საინტერესო და ინფორმაციულ შეხვედრებს სთავაზობს. ნინომ 35მდე გოგონა შეკრიბა გლოუ კლუბში და 18 მდე აქტივობა დააორგანიზა, რომლებიც მუნიციპალური პრობლემების აღმოფხვრას, გოგონების გაძლიერებასა და მხარდაჭერას ემსახურებოდა.
"ჩემი მთავარი მოტივაცია, ის შედეგებია რასაც ინიციატივების განხორციელების შემდეგ ვიღებთ.მგონია რომ მუდმივად სიახლიის ძიების, განვითარების და გაუჩერებლობის სურვილი გვაერთიანებს მე და ჩემს გუნდის წევრებს." - ნინო ჯაბიძე
და ბოლოს, გლოუს წარმატებული ისტორიები აქ არ სრულდება, ასე რომ თვალი ადევნე ჩვენს ბლოგს, რათა არ გამოგრჩეს ახალგაზრდა ქალი ლიდერების ისტორიები, რომლებსაც თავიანთ თემში დადებითი ცვლილებები მოაქვთ!
ავტორი : თათია სვიმონიშვილი
Comments